ელექტრონული ესტონეთი
ალბათ, ხშირად გაგიგონიათ გამონათქვამები: ,,საქართველოს ესტონური საგადასახადო მოდელი მოუხდება“, „საქართველოს ესტონური განათლების მოდელი გამოადგება“, ,,ესტონური რეზიდენსმოდელი საუკეთესოა“… – ეს და სხვა მსგავსი გამონათქვამები ამ საკმაოდ პატარა ქვეყნის (პოპულაცია 1 300 000) შესახებ უკვე ათეულობით წელია გვესმის.
ყველაფერი კი 1996 წელს დაიწყო, დაიწყო მარტივი, მაგრამ ძალიან ამბიციური ინიციატივითა და ხედვით, რომელსაც ,,ვეფხვის ნახტომი“ ერქვა. ინიციატივის მთავარი არსი, მარტივად რომ ვთქვათ, იყო: ,,ყველა რესურსის ჩადება კომპიუტერულ და კომუნიკაციების ინდუსტრიებში“.
ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის მხარდაჭერა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად იქცა. მათ შორის, ფინანსდებოდა ყველა ახალი ტექნოლოგიური წამოწყება და იდეა. როდესაც ესტონეთის პრეზიდენტს – ტოომას ჰენდრიკს ჰკითხეს, თუ რა იყო ესტონეთის მთავარი წარმატების ფორმულა, მისი პასუხი გახლდათ: ინვესტიცია ტექნოლოგიებსა და განათლებაში. სწორედ ამ გზით ვითარდებოდა ესტონეთი 1996 წლიდან.
შესაბამისად, სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნებოდა სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი, რომლებიც როგორც ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ინიციატივებს უჭერდნენ მხარს, ასევე, ცდილობდნენ, მოსახლეობისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაეზარდათ.
უნდა ითქვას, რომ ქვეყანას სულ რამდენიმე წელი აშორებდა საბჭოურ წარსულს და იდგა დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც მთლიანი განათლების სისტემის ცვლილებას მოითხოვდა. ალბათ მიხვდებით, რომ მთავრობამ არც ამაზე დაიხია უკან და ცვლილების განხორციელება დაიწყო.
მიზანი მარტივი იყო, უნივერსიტეტებში ტექნოლოგიებზე, ინჟინერიასა და ციფრულ ინდუსტრიებზე უნდა გაკეთებულიყო მეტი აქცენტი, ხოლო სამეცნიერო კვლევით ცენტრებს ამ მიმართულებებით კვლევები და აკადემიური სამუშაოები უნდა ეწარმოებინათ.
საბოლოოდ, ესტონეთმა შექმნა მოდელი, რითაც ქვეყანა იქცა მექად, სადაც ყველაზე მოთხოვნადი IT სპეციალობის კადრები გახდნენ. კვლევითი ცენტრები ისეთ საკითხებზე მუშაობდნენ, რომლითაც კერძო სექტორის დიდი ნაწილი ინტერესდებოდა. ამ პროცესმა, თავის მხრივ, დიდი ზეგავლენა იქონია ორ მიმართულებაზე: ადგილობრივ ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციაზე.
მოდი, თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ:
უნივერსიტეტებში ისეთი საგნები ისწავლებოდა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, შეექმნათ ტექნოლოგიები სხვადასხვა პრობლემის გასაჭრელად. შესაბამისად, მთავრობაც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინიციატივებს მთელი ძალით უჭერდა მხარს – ეხმარებოდა ფინანსების ხელმისაწვდომობაში. სტარტაპებს ცალკე იურიდიული სტატუსიც კი შეუქმნა, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ ყოველი სემესტრის ბოლოს საუნივერსიტეტო კამპუსებში ჩნდებოდნენ სტარტაპები, რომლებიც წლის ბოლოს უკვე „უნიკორნებად“ იქცეოდნენ და მათი ღირებულება მილიარდს აჭარბებდა. ბევრი რომ არ ჩამოვთვალოთ, Skype, Bolt, Transferwise, Monese, MSQRD საუნივერსიტეტო სივრცეშია შექმნილი და მათი ჯამური ღირებულება ათეულობით მილიარდია.
მსგავსმა პროცესებმა ესტონეთს გლობალურ რუკაზე ტექნოლოგიური და ე.წ Startup Nation-ის სტატუსი მოუტანა, რამაც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე ინვესტორების ინტერესი გაზარდა და მთავრობას უფრო მეტი მოტივაცია მისცა მსგავსი მიმართულებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, ესტონეთში დაიწყო პროგრამები, რომელიც სხვადასხვა მიმართულების IT სპეციალისტების დასაქმებას უწყობდა ხელს. ამით ესტონეთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სხვა ქვეყნის ახალგაზრდებსაც ესტონეთში ჩასვლისა და სწავლის სურვილი გაუჩინა.
ესტონეთმა განავითარა ციფრული „ნომანდების“ კულტურა, რაც გულისხმობს ესტონეთში ჩასვლას, სწავლასა და იქიდან მუშაობას. სტუდენტების უმეტესობა ესტონეთში ჩასვლისა და სწავლის შემდეგ, ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რჩებოდნენ ქვეყანაში და იქიდან ფრილანსერებად მუშაობდნენ. ასე განვითარდა საერთო სამუშაო სივრცეების ინდუსტრია და დასაქმების პლატფორმები.
როგორც უკვე ვთქვით, საუნივერსიტეტო სივრცეებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვითარდებოდა – ტექნოლოგიების კომერციალიზაცია, ანუ ტექნოლოგიური ტრანსფერი, ან უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, სპინოფი. რაც არ უნდა ვუწოდოთ, იდეა მაინც ერთია და ეს იდეა ესტონეთში ძალიან კარგად ესმით. განათლებაში არის პროცესები, რომელიც თავისთავად ხდება, ასეთია, მაგალითად, სამეცნიერო კვლევები, რომელსაც უნივერსიტეტების უმეტესობა ატარებს, რადგან ეს კვლევები აკადემიურ პერსონალს მინიმუმ აკადემიური ხარისხის მისაღებად სჭირდება.
ესტონეთში, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში (სამწუხაროდ, არა საქართველოში) მიხვდნენ, რომ უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევები შეეძლოთ მიეყიდათ გიგანტი კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავსი კვლევების ჩასატარებლად ფულს, დროსა და ენერგიას არასდროს იშურებდნენ. შესაბამისად, უნივერსიტეტებმა ამ მიმართულებების განვითარება დაიწყეს და ძალიან კარგადაც გამოსდით. მაგალითად, ტარტუს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციით სარგებლობენ Intel, Philips, Mitsubishi, Samsung. ამ მიმართულებიდან წელიწადის განმავლობაში უნივერსიტეტი, საშუალოდ, 80-200 მილიონი ევროს შემოსავალს იღებს. გარდა შემოსავლისა, აღნიშნული კვლევების შედეგად მიღებული შედეგები, ხვალინდელი დღის უკეთესობის შესაცვლელად არის მიმართული. მაგალითად, Samsung Electronics ელექტრონიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიისთვის როგორც წვრილ, ასევე მსხვილ ელექტრონიკას აწარმოებს. ტალინის უნივერსიტეტში რიგითი მეცნიერ მუშაკები მუშაობენ მიკროჩიპების, გამოსახულების ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების კვლევებზე. სამსუნგი წლის განმავლობაში 3-5 ასეთ კვლევას აფინანსებს/ყიდულობს, რასაც შემდეგომ საკუთარი პროდუქტის განვითარებისთვის იყენებს. როგორც ვხედავთ, ბევრი სიახლისა და აღმოჩენის უკან, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, სხვადასხვა უნივერსიტეტი, მეცნიერები და სტუდენტები დგანან.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ საქართველოში ესტონეთის მოდელი ისეთივე წარმატებით არ მუშაობს. ვერც იმას ვიტყვით, რომ კვლევითი ცენტრები ან უნივერსიტეტები არ გვაქვს. შეიძლება ესტონეთზე მეტიც კი იყოს, მაგრამ, როგორც ვიცით, რაოდენობა ხარისხის პროპორციული არასდროს არის.
მაშინ რაშია პრობლემა? იქნებ ფინანსების ნაკლებობაა? მაგრამ აქვე ისიც გვახსენდება, რომ რუსთაველის ფონდი ყოველწლიურად 200 მილიონამდე ლარით აფინანსებს სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და უნივერსიტეტის კვლევას.
რეალურად პრობლემა მარტივი, მაგრამ ძალიან ამბიციური ინიციატივისა და ხედვის არქონაშია, რაც საბჭოური ესტონეთისთვის 1996 წლიდან უდიდესი ცვლილებების მომტანი გახდა.